If you can dream it, you can do it

 

1977 წელს ახალბედა მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში `მთვარის მოტაცება.~ ხანგრძლივმა აპლოდისმენტებმა საბოლოოდ გადააწყვეტინა, რომ მთელი შემდგომი ცხოვრება სცენასა და სიმღერისთვის მიეძღვნა.

1982 წელს გახდა ჩაიკოვსკისა და "ვერდის ხმების” კონკურსების ლაურეატი. 1984 წელს კი პირველად გამოჩნდა ლონდონის სამეფო თეატრის “ქოვენტ გარდენის” სცენაზე (ვერდის ოპერაში “აიდა”) ლეგენდარული ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის გვერდით. 29 წლის უცნობი ქართველი ბანი რამფისის პარტიით საღამოს სენსაციად იქცა, კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს _ “ვარსკვლავი დაიბადა!”

1986 წელს მიენიჭა მარია კალასის სახელობის კონკურსის პირველი პრემია.

ამავე წელს ქალაქ ვენის მერიის მიერ ოფიციალურად დაფუძნდა პაატა ბურჭულაძის თაყვანისმცემელთა კლუბი. ფან-კლუბის შექმნის იდეა ეკუთვნოდა მაყურებელთა ჯგუფს, რომელთაც გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს ვერდის ოპერის “ლუიზა მილერის” პრემიერის შემდეგ.

1987 წელს კი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი მას ”მეორე შალიაპინს” უწოდებს და იწვევს ვენაში, მოცარტის რექვიემში მონაწილეობის მისაღებად. ამავე პერიოდში კარაიანთან ერთად პაატა ბურჭულაძე მუშაობს ”დონ ჟუანზე” ზალსბურგის ფესტივალისთვის. პრესაში ქვეყნდება დიდი მაესტროს გამონათქვამი: ”როგორი ძალა და უბადლო ტალანტია! ვგონებ დღევანდელ მსოფლიოში არ მოიძებნება მომღერალი, რომელიც მას შეედრება, დღეს ის ერთადერთია და განუმეორებელი.”

პაატა ბურჭულაძეს მიღებული აქვს 137 საერთაშორისო და სხვა მნიშვნელოვანი პრემია. არის საქართველოს სახალხო არტისტი, გერმანიის 'კამერზინგერი ', საბერძნეთის საოპერო თეატრების საპატიო წევრი. სახელმწიფო პრემიების: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ზაქარია ფალიაშვილის, იაკობ გოგებაშვილის ლაურეატი. არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოების: ღირსების ორდენის ორგზის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.

თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, მღერის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში, ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს საოპერო მომღერლებთან და დირიჟორებთან.

მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს. 2004 წელს პაატა ბურჭულაძის ინიციატივით საქართველოში დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი “იავნანა”.

2010-2015 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობდა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას.

2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძეს გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. 2010 წლიდან კი გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის კეთილი ნების ელჩი იყო საქართველოში.

2008 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ პაატა ბურჭულაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2010 წელს საქართველოს კულტურის ფონდის მიერ, კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისა და ქველმოქმედებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

2010 წელს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

2011 წელს იტალიის პრეზიდენტის სახელით, გადაეცა იტალიის სახელწიფოს უმაღლესი ჯილდო კომენდატორის წოდების მინიჭებით.

2012 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართული კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის ‘’სიკეთის რაინდის ‘’ წოდება მიანიჭა.

2014 წელს გადაეცა ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო - `პირველი ხარისხის საპატიო ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის`.

2014 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის „EMAAS“ - გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძეს “ EMAAS“ აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

2015 წელს მიენიჭა საქართველოს მეციერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება.