ფილმის ტრეილერი / სხვა სცენაზე
ფილმის ტრეილერი / სევდის ანგელოზები
ვიდეო / მუსიკა შენს ფანჯრებთან
ვიდეო / ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი & City Lights
ვიდეო / გაატარე ზაფხული საქართველოში
ვიდეო / ანიტა რაჭველიშვილის კარმენი მეტროში
ვიდეო / ზამთარია... სიცივეა...
სცენარისტი / პროდუსერი / რეჟისორი
ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt დამფუძნებელი
საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" თანადამფუძნებელი
თეო ჯორბენაძე ერთ სივრცეში აერთიანებს სცენარს, მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებასა და თეატრალურ ფორმას - სივრცეში, სადაც რეალური ადამიანური ისტორიები ხშირად გარდაიქმნება სასცენო თხრობად.
ის დაიბადა ქართველი კომპოზიტორის, თამაზ ჯორბენაძის ოჯახში, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი იყო, თუმცა მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საბოლოოდ საკუთარი შემოქმედებითი გზა მულტიმედიურ პროექტებში იპოვნა.
1997 წელს დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტის თეატრალური ფაკულტეტი (სცენარისტის სპეციალობა), მოგვიანებით კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური კინოს რეჟისურის მაგისტრატურა, სადაც მიენიჭა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების არტისტის მაგისტრის ხარისხი.
მისი პროფესიული გზა ჟურნალისტიკით დაიწყო. 1996 –1998 წლებში იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „კვირის ფოსტა“ ავტორი და კულტურის გვერდის რედაქტორი (მთავარი რედაქტორი - ბესიკ ხარანაული). ამ პერიოდში დაწერა დაახლოებით ორმოცდაათამდე სტატია და თეატრალური რეცენზია.
1996 წლიდან მუშაობდა ცენტრალური ტელევიზიის „მეორე არხზე“ ავტორად და რედაქტორად, პარალელურად კი ხელმძღვანელობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის ლიტერატურულ ნაწილსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
1999–2003 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სტუდია „აუდიენციის“ ერთობლივი პროექტის „მიამბეთ თქვენზე“ სცენარისტი, ამ პროექტისთვის 40 სატელევიზიო ფილმის სცენარი შეიქმნა.
1998–2011 წლებში, როგორც სცენარისტი და მუსიკალური პროდიუსერი, თანამშრომლობდა გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის MelchiorGrund-თან. საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბოსნიაში განხორციელდა თეატრალური პროექტები: ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, ბარლახის “კარგი დროება” და სხვა.
2004 წლიდან დღემდე არის პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი. მას ასევე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს UNICEF-თან, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ინიციატივების მიმართულებით.
თეო ჯორბენაძის სცენარითა და პროდიუსინგით განხორციელებული ტელემარათონები და გალა-კონცერტები მილიონობით მაყურებელს აძლევდა შესაძლებლობას პირდაპირ ეთერში გაერთიანებულიყვნენ სიკეთის გარშემო და დახმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს. ამ ეთერებში ხშირად რეალურ დროში იცვლებოდა ადამიანების ცხოვრება.
ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო მარათონები იმართებოდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ცნობილ თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში (Grand Teatre del Liceu, Israeli Opera The Athens Concert Hall Megaron, Paris Salle Pleyel , Strasbourg concert hall, and ect.) მონაწილეობდნენ და სოლო-კონცერტებს მართავდნენ ლეგედარული არტისტები: მონსერატ კაბალიე, პლასიდო დომინგო, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი, რენატო ბრუზონი, ჯუზეპე ჯაკომინი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ევგენი კისინი, რამონ ვარგასი, ამბროჯიო მაესტრი და სხვა.
მისი შემოქმედებითი ხელწერა განსაკუთრებით ჩანს მასშტაბურ მულტიმედიურ პროექტებში, სადაც ერთმანეთს ერწყმის სიტყვა, ვიდეო-ინსტალაცია და მუსიკა.
2014 წელს დააარსა ხელოვანთა გაერთიანება ConceptArt, პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების არტისტებს და ქმნის სივრცეს ახალი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. ConceptArt-ის პირველივე დიდი მულტიმედიური პროექტი „მეხსიერების ბარათი მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ - პოპულარობითა და გაყიდული ბილეთების რაოდენობით უპრეცედენტო აღმოჩნდა ქართულ კულტურულ სივრცეში.
თეო ჯორბენაძე 2017 წელს მედია-ჰოლდინგ „ფორტუნას“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“ დასახელდა წლის საუკეთესო პროდიუსერად.
2019 წელს დააარსა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი The New Generation Music Festival.
პანდემიის პერიოდში, 2020–2021 წლებში შექმნა პროექტი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ - ტრაილერზე განთავსებულ მოძრავ სცენაზე წარდგენილი კონცერტების სერია, რომელიც ცნობილ არტისტებთან ერთად სტუმრობდა მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებს და სახლებში გამოკეტილ მაყურებელს მუსიკითა და იმედით ავსებდა.
მისი სცენარითა და რეჟისურით, საერთაშორისო აღიარების მევიოლინესთან ლიზა ბათიაშვილთან ერთად განხორციელდა მულტიმედიური წარმოდგენა „City Lights / Follow Your Dreams“, ორიგინალური მუსიკალური ვერსიების ავტორი და დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი. წარმოდგენის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2023 წლის 14 მაისს ბერლინში, Potsdam Theatre-ში.
თეო ჯორბენაძე ასევე არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი, მათ შორის: „მე-14 საპყრობილე“, „წონასწორობა“, „17 მაისი - დაუსრულებელი სიმფონია“ და „სევდის ანგელოზები“ - უკანასკნელი ფილმი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ კომპოზიტორზე გია ყანჩელზე. ფილმი წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის BIAFF-ზე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსა და Amsterdam Lift-Off Film Festival-ზე.
2026 წლის თებერვალში მისი ახალი დოკუმენტური ფილმი „სხვა სცენაზე“ ქართული კინოს ინსტიტუტის მიერ წარდგენილი იყო ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის მარკეტზე და ასევე ნაჩვენები ბერლინის Wolf Cinema-ში.
თეო ჯორბენაძის პროექტებში ყოველთვის მკაფიოდ ისმის ავტორის ხმა. მისი ნამუშევრები ხშირად იქცევა სივრცედ, სადაც შემოქმედებითი იდეები, საზოგადოება და რეალური ადამიანური ისტორიები ერთმანეთს ხვდება, სადაც ხელოვნება მხოლოდ ესთეტური გამოცდილება კი არა, გაერთიანების, თანაგრძნობისა და მოტივაციის წყაროა.