If you can dream it, you can do it

კომპოზიტორი / დირიჟორი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი და გაეროს კეთილი ნების ელჩი საქართველოში. საკუთარ თავში აერთიანებს კომპოზიტორის, დირიჟორისა და სოლისტ-შემსრულებლის პროფესიებს და ხშირ შემთხვევაში მის საკონცერტო გამოსვლებს განსაკუთრებით შთამბეჭდავს სწორედ ეს ერთობლიობა ხდის.

უდიდესი წვლილი ნიკოლოზ რაჭველის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში მის პედაგოგებს - ლილი გაბუნიასა და მიხეილ შუღლიაშვილს მიუძღვით. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი ბიძინა კვერნაძის ხელმძღვანელობით. 1999-2003 წლებში კი სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში გავლილი აქვს მასტერკლასები ისეთ კომპოზიტორებთან, როგორიცაა პიერ ბულეზი, ლუჩანო ბერიო, მიშელ ჟარელი და სხვ.

სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, რიეკას ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან (ხორვატია), ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრთან, პიარნუს სიმფონიურ ორკესტრთან (ესტონეთი), რუსეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, მოსკოვის სიმფონიურ ორკესტრთან MCO (რუსეთი), კიევის ფილარმონიულ ორკესტრთან (უკრაინა), კრემერატა ბალტიკასთან, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან, თბილისის ოპერის გუნდთან, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საგუნდო კაპელასთან, ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის გუნდთან, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან, გოგონათა გუნდთან „შჩედრიკი“ (უკრაინა) და სხვ.; კომპოზიტორებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან: ალექსანდრე თორაძე, ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე, მარინე იაშვილი, ნოდარ გაბუნია, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ მამისაშვილი, ნათელა სვანიძე, იოსებ ბარდანაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ტიგრან მანსურიანი, ფრანგიზ ალი-ზადე, მიშელ ლეგრანი, კიმ კაშკაშიანი, ნინო ანანიაშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, იური ბაშმეტი, დევიდ გერინგასი, გიდონ კრემერი, ალექსანდრე კორსანტია, მიშელ კრაიდერი, დუდანა მაზმანიშვილი, კატია რიჩარელი, ჯუზეპე ჯაკომინი, ლადო ათანელი, მაყვალა ქასრაშვილი, ბადრი მაისურაძე, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი, გიორგი გაგნიძე, კატია სკანავი, ალექსანდრე მარკოვიჩი, ვალერიან შიუკაშვილი, მაქსიმ რისანოვი, გიორგი ცაგარელი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ხარაძე, არიელ ცუკერმანი, სერგეი ნაკარიაკოვი, რაშერ საქსოფონ კვარტეტი, ფედერიკო მონდელჩი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ავი ავიტალი, კრის ბოტი, სტინგი, ბიორკი, ლიზა ფიშერი, Take 6, ბექა გოჩიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და მრავალი სხვ.

ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი საფორტეპიანო კონცერტის „ინტროვერსია" პრემიერა ჯერ კარნეგი ჰოლში, მოგვიანებით კი ბერლინის კონცერტჰაუსში შედგა დუდანა მაზმანიშვილის შესრულებით; თბილისსა და პეტერბურგში შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის საორკესტრო პიესა „პასუხი", ხოლო მინიმალისტურ სტილში შექმნილი ვოკალურ-ინსტრუმენტული თხზულება „გზა შინისაკენ და უკან" გამოიცა აუდიო ალბომის სახით ვენაში და დღესაც იყიდება ჩანაწერთა ევროპულ ქსელში. სიმფონიური თხზულება „რევერანსი“ თბილისური პრემიერის შემდეგ კიევის ფილარმონიაში შესრულდა 2015 წელს. მისი სიმფონიური თხზულების The Rest is silence პრემიერა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ეძღვნება, 2016 წლის დეკემბერში მილანის ლა სკალაში შედგა. ხოლო ბოლოდროინდელი ნაწარმოების „ვერცხლისფერი მზე“ პრემიერა კი ჰამბურგის ელბ-ფილარმონიაში. მიღებული აქვს არაერთი პრიზი დავით დოიაშვილის სპექტაკლებისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისათვის, მათ შორისაა ხორვატიის პრიზი და საქართველოს ეროვნული პრემია. ასევე იგი გიორგი შენგელაიას, კახა მელითაურის და რეზო გიგინეიშვილის ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის ავტორია.

2007 წელს ნიკოლოზ რაჭველმა თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „კონტრაპუნქტი“ დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც ორი კომპოზიტორის, ქართველისა და უცხოელის, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები სრულდება. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ კომპოზიტორებთან. განსაკუთრებული ადგილი ნიკოლოზ რაჭველის ცხოვრებაში გია ყანჩელის შემოქმედებას უჭირავს. ბოლო წლების განმავლობაში, იგი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გია ყანჩელის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია კომპოზიტორის სამშობლოში.

ნიკოლოზ რაჭველი ისტორიული რეფორმის ინიციატორია, რომლის შედეგად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს საქართველოს მთავრობის მიერ მიენიჭა კანონიერი უფლება თავად აირჩიონ შემოქმედებითი ხელმძღვანელი. აქამდე ამ თანამდებობაზე კანდიდატებს კულტურის მინისტრი ნიშნავდა. დღეისათვის ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ისტორიაში პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია.

ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ჰქონდა გამოსვლები ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორიცაა: ათენისა და ფრანქფურტის საკონცერტო დარბაზები, პარიზის Les Invalides, Pierre Cardin Center, UNESCO-ს საკონცერტო დარბაზი და Salle Pleyel, პეტერბურგის დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონია, ტალინის საკონცერტო დარბაზი NORDEA, ბერლინის კონცერტჰაუზი, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლე „ბოზარი“, სტრასბურგის Convention Centre, ჰამბურგის ელბ ფილარმონია, ფრანკფურტის ალტე ოპერა და სხვ.