,,მან თავისი სამშობლოს თვითმყოფადი ხელოვნების ენერგეტიკა შეაზავა დასავლეთ ევროპულ მოდერნისტულ ხელოვნებასთან და ამ მაგიით ის ორმაგად ზემოქმედებს მნახველზე“- ულრიხ უფრეხტი, პროფესორი, ხელოვნების ექპერტი.
,,მისი ნამუშევრები მხოლოდ ამაღლებულ და პოზიტიურ ემოციებს იწვევს - ამით ის საინტერესო ადგილს იკავებს ჩვენს (დასავლეთ-ევროპულ) ერთის მხრივ აგრესიულსა და მეორეს მხრივ ინდეფერენტულ გამომსახველობათა შორის“- კარლ ვიტცლებენი, გალერისტი.
დავით აფციაურმა ხატვის შესწავლა დაიწყო საბავშვო სამხატვრო სკოლაში ათონელზე, შემდეგ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში.1982-88 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის კინო-ტელე განყოფილებაზე.
სტუდენტობის პერიოდიდან მონაწილეობდა თბილისის ტრადიციულ საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებში და გახდა ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრში და როგორც დამდგმელმა მხატვარმა სპექტაკლები გაუფორმა ცნობილ რეჟისორებს - მიხეილ თუმანიშვილს, დოდო ალექსიძეს, გიგა ლორთქიფანიძეს, გიზო ჟორდანიას.
ამავე პერიოდში შემოქმედებითი თანამშრომლობით გაერთიანდა სტუდენტებთან, რომლებიც დღეს ქართული და მსოფლიო თეატრისა და კინოს ვარსკვლავები არიან. სხვადასხვა დროს, საქართველოს თეატრებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ,,ბერიკაობა“, ,,ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“, ,,დრაკონი“, ,,მუსუსი“ , ,,პატარაკახი“, ,,ვისოცკი“, ბურატინო“ ,,სალამურა“, ,,ყვარყვარე თუთაბერი“.
მხატვრული ფილმები -,,ჩემი დეიდა დუდუ“, ,,ინკოგნიტო“, ,,გარიგება“, ,,გარიგება 2“, ,,ორმაგი სახე“, რამდენიმე მუსიკალური რგოლი.
გაფორმებული და ილუსტრირებული აქვს ოცდაათამდე აკადემიური და საბავშვო ლიტერატურული გამოცემა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მისი გაფორმებული 5 წიგნი იყო გამოფენილი.
2004 წლიდან პაატა ბურულაძის საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანასთან“ თანამშრომლობს და ქმნის პროექტების სასცენო და საიმიჯო ვიზუალს. მისი სცენოგრაფიის მიხედვით დაიდგა მსოფლიოში აღიარებული არტისტების შემოქმედებითი საღამოები და გალა-კონცერტები.
საერთაშორისო სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1997 წლიდან. ისეთ ტრადიციულ მესებზე როგორიცაა GRAND MACHE, ბერლინის ICC, ჰამბურგის HANSE ART, KUNST HERBST, მადრიდის და ჟირონას ARTFAIR, ასევე კერძო გალერიებში და კორპორატიულ ვერნისაჟებში. მისი შემოქმედება გაშუქებული იყო ბერლინის RBB ART-ზე, ფრანკფურტის TV და პერიოდულ პრესაში.