არტ მენეჯერი / მუსიკალური პროდიუსერი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა და კამერული მუსიკის სპეციალობებით. სწავლის პერიოდში ჰქონდა გამოსვლები, როგორც სოლო, ასევე სხვადასხვა კამერული ანსამბლების შემადგენლობაში და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.
1997-2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“ და ანტუან სენტ-ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორის მოადგილე.
2010 წლიდან გახლავთ სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერი და მას შემდეგ ორგანიზებას უწევს მუსიკალურ ცენტრში გაერთიანებული - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი Georgian Brass-ის, კამერული ორკესტრი Georgian Strings-ის და სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით დაგეგმილ კონცერტებს, ფესტივალებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.
განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის: თანამედროვე მუსიკის ფესტივალი კონტრაპუნქტი, ჩელოს სეზონი, ფესტივალი „სიმებიანი კვარტეტი გიწვევთ“, თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი, საქართველოს სამუსიკო სკოლების კონკურსი-ფესტივალი, გამოჩენილი სოლისტებისა და კომპოზიტორების საიუბილეო და საავტორო კონცერტები და ფესტივალები, სხვადასხვა სახის სამთავრობო ღონისძიებები და კონცერტები ღია ცის ქვეშ, 2018 წლის ჭადრაკის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და სხვა მრავალი. წლების მანძილზე თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფესტივალებთან. მისი ორგანიზებით ჩატარდა მრავალი გასვლითი კონცერტი, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე უცხოეთში, მათ შორისაა - გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი, ლიბანი, აშშ და სხვ. იგი ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა წარმატებული კონცერტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში.